გული მტკივა ამ ფოტოს დანახვისას. დედა, რომელიც გამოცდიდან დაბრუნებული შვილის მოლოდინშია, გაწბილებული რჩება. ერთ წუთში უფერულდება მისი შვილის ფერადი მომავალი სტუდენტობისა, ალბათ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება დედა-შვილის მოლიდინი. და ნეტავ ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?! ნეტავ ვინ დაამუხრუჭა ამ ახალგაზრდის მომავალი?! პასუხისმგებლობა იქნებ თავად მოსწავლეზეა, იქნებ მშობელზე, იქნებ მასწავლებელზე ან სახელმწიფოზე?! ვიმარჩიელოთ ასე დაუსრულებლად, ვადანაშაულოთ ერთმანეთი, გავიყვანოთ საათები, დღეები, თვეები და იქნებ წლებიც ამდენ გარჩევებში, ურთიერთბრალდებებში. ბავშვები კი გვისმენენ, ნელ-ნელა ეკარგებათ სწავლის სურვილი, უქვეითდებათ მოტივაცია და თვითშეფასება, შედეგად ვღებულობთ დღევანდელ მწარე რეალობას.
რით ვეღარ დამთავრდა საბჭოთა განათლების მეთოდები ევროპულ საქართველოში, რით ვეღარ აღიქვით ბავშვი თანასწორად, რომ მასთან თანამშრომლობა სჯობს დიქტატორული ტონით საუბარს, რათა სწავლა სახალისო და საინტერესო გახდეს მისთვის და არა სასჯელი. იქნებ, მაშინ მაინც აღარ გვყავდეს "ჩაჭრილი ახალგაზრდობა", თუმცა პირადად ჩემთვის ისინი არც ახლა არიან დამარცხებულები, ისინი განათლების სისტემის უკუღმართი მიდგომების "მსხვერპლნი" არიან.
No comments:
Post a Comment