Pages

Monday, May 29, 2017

სკოლა და პრობლემები

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აზრი გამოითქვა საატესტატო გამოცდების 
 ავ-კარგიანობის შესახებ. მეც გამოვთქვი ჩემი აზრი აღნიშნულ სასკოლო პრობლემასთან დაკავშირებით, რადგან სანამ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავერთვები და მასწავლებელი გავხდები, დროის უმეტეს მონაკვეთში მშობელი ვარ, 
ორმაგ და მრავალმხრივ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარი და სხვისი შვილების წინაშე. 
ახალი , ბრძნული იდეა, რომელიც განათლების სამინისტროს მესვეურებმა გამოთქვეს, ბარიერის აწევის შესახებ, ვითომ უშველის პრობლემას?! ვითომ ამით უფრო განათლებული თაობა გვეყოლება?! იქნებ ექსპერიმენტებს მოვეშვათ, სკოლობანას თამაშს თავი დავანებოთ და რეალურად, ძირფესვიანად შევცვალოთ საგნობრივი პროგრამებიც და მასწავლებელთან, მოსწავლესა და მათ მშობლებთან მიდგომებიც. სკოლას ქმნის და ერთ გუნდად ჰკრავს სწორედ საზოგადოების ეს ნაწილი, ამიტომ მოუსმინეთ მათ, ვინც ჩახედულია სკოლის შიდა სამზარეულოში, ვინც ყოველდღიურად ქმნის ახალ თაობას, ვინც სრულუოფილად იცის თავისი საქმე და არა ისეთებს, ვისაც სკოლის დამთავრების შემდეგ მის კართან ახლოსაც კი არ ჩაუვლია, ვინც ფეხი-ფეხზე გადადებული, ყავის ფინჯნით ხელში, ზეპირსიტყვიერებს და საერთაშორისო გრანტებით უზრუნველყოფილ საპილოტე პროგრამებს ქმნის და სკოლას საცდელ ლაბორატორიად მიიჩნევს.
ჩვენი წინდაუხედავი გადაწყვეტილებით ნუ გავახუნებთ დავითის სიტყვებს: "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". სკოლა დამთავრებულთა და კარგად ნასწავლთა უმეტესობას ამ ბოლო წლების მანძილზე, რატომღაც ისედაც არ გაუტკბათ და მომავალ თაობას კი, საერთოდ მიუწვდომლად ნუღარ გადავუქცევთ "ფარატინა ქაღალდს". ქვეყანას ნუ დავამსგავსებთ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას, სადაც ადგილიბრივი იაფი მუშახელის ხარჯზე მდიდრდებიან მხოლოდ უცხოელი ინვესტორები და მათთან დაახლოებული ადგილიბრივები. ასეთი სურნელი კი, დიდი ხანია ტრიალებს საქართველოს თავზე. მოვეშვათ სხვა სფეროების ინტენსიურ დაფინანსებას და იაპონიასავით მთელი ფინანსური სახსრები განათლებისკენ მივმართოთ, ოღონდ ფესვებში და არა ისე, როგორც ახლა, კენწეროდან რომ იწყებთ ხოლმე არარეალურ ცვლილებებს.

No comments:

Post a Comment